ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მათთვის საქართველოს ხელისუფლებაა მიუღებელი.
„განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოწოდებები, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ როდესაც ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, თუმცა ესეც ცხადია საზოგადოებისთვის, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი, რადგან ჩვენ არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს ინტერესები ბოროტად იქნეს გამოყენებული, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, დაპირისპირება და ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის“, – განაცხადა კახა კალაძემ.