არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი – თავმჯდომარის არჩევა 2025 წლის იანვარში მოხდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი არჩევნები პარტიაში, სავარაუდოდ, ელექტრონული წესით იქნება.
„განსაკუთრებულად პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაში არჩევნები, თავმჯდომარის არჩევნები, პირველ რიგში, არის ჩანიშნული დაახლოებით ერთ წელიწადში, 2025 წლის იანვარში. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა 2 წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე, შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ალბათ, იმ დროისთვისაც იქნება ელექტრონული წესით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს და მიიღოს იმ არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ასე მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. მითუმეტეს ეს თარიღი ისე გამოვიდა, რომ ემთხვევა დიდი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს და შესაბამისად, მოქმედი თავმჯდომარისთვის ერთგვარი ტესტი შეიძლება იყოს ის მთავარი არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, იმისათვის მოხდება თუ არა მისი მანდატის განახლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან ხაბეიშვილს დიდწილად განსაზღვრული იქნება იმ შედეგით, რასაც ჩვენ დავდებთ და ვაჩვენებთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ეს ადამიანები ყოველთვის მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ებრძვის ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს ბრძოლა. აქედან გამომდინარე, არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელობა, რომ იყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, ამისთვის არის მოგონილი წესდებები, რომ შიდა ნორმები და რეგულაციები ყველასთვის გამჭვირვალე იყოს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ თავად დაიყენა თავი პარტიის მიღმა.
„ეს არის ნიკანორ მელიას გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მიიღო, როდესაც 8-9 თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაიწყო დიდი ნეგატიური კამპანია, მასზე თავდასხმით, შეტევით, იმაზე მეტად, ვიდრე ამას „ქოცი“ აკეთებდა. პრაქტიკულად შეუმსუბუქა რუსულ რეჟიმს ძალისხმევა და საქმე, რადგან გამოჩნდნენ ოპოზიციაში მოთამაშეები, რომლებიც უფრო მაგრად ესხმიან თავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე ამას „რუსული რეჟიმი“ აკეთებს, შეუმსუბუქა ეს საქმე მათ ნიკანორ მელიამ და აქედან გამომდინარე ის უკვე განდგომილია პარტიიდან დიდი ხანია, ეს მან თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაშიც დაადასტურა, რომ ის არ არის ამ პარტიაში. ჩვენ პირიქით, მას შესაძლებლობა მივეცით, რომ მობრუნებულიყო 8-9 თვე ჩვენთან არ ყოფნის შემდგომ, როდესაც მანიფესტი გამოვაქვეყნეთ წინა კვირაში, მანიფესტში ჩამოყალიბებული იყო ყველას ის პრინციპი, ფასეულობა, დასახული იყო მიზნები როგორ ვებრძვით და როგორ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და როგორ ვუპირისპირდებით „რუსულ რეჟიმს“, ეს იყო მისთვის შანსი და შესაძლებლობა, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მან ეს შესაძლებლობაც არ გამოიყენა და არ უერთდება ამ გუნდს. აქედან გამომდინარე ეს არის მისი გადაწყვეტილება, მან თავისი თავი დაიყენა პარტიის მიღმა, თავისი მოქმედებებით, თავისი განცხადებებით და საჯაროდ ერთ-ერთ ეთერში აღიარებით, რომ ის არ არის ამ პარტიის წევრი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.