სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის დაწყების შესახებ განაცხადა. კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) და სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა.
„პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლებაა. გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაც გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა მერმა. თბილისის მერის განცხადებით, გახოკიძის ქუჩაზე სამუშაოები 2024 წლის 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება.
კალაძემ სამუშაოების განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებებზეც ისაუბრა.
„ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ მიკროავტობუსების მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილი მარშრუტები მოგვიანებით გამოაქვეყნა თბილისის მერიამ:
· მიკროავტობუსებს: N413, N519, N524, N540, N547 და N554 მოძრაობის მიმართულებები შეეცვლებათ. კერძოდ, N413 მოძრაობას დაასრულებს ვარკეთილის II მიკრორაიონში, გახოკიძის ქ. N56-თან; N519 და N540 იმოძრავებენ თაყაიშვილის, ალექსიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენი მაისურაძის და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით; უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ დაუკავშირდებიან აბაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ ხომლელის, საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა, ალექსიძის ქუჩებზე და თაყაიშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
· N524-ს მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ იმოძრავებს საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენი მაისურაძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით, უკუმიმართულებისას კი „ისთ ფოინთიდან“ დაუკავშირდება კახეთის გზატკეცილს, რის შემდეგაც მგზავრებს ჯავახეთის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მიიყვანს;
· N547 მიკროავტობუსი ვარკეთილის მესამე მასივიდან, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობას დაასრულებს გახოკიძის ქ. N8-10-ის მიმდებარედ. აღნიშნულ მიკროავტობუსს უკუმიმართულებისას მოძრაობა არ ეცვლება. მიკროავტობუსი – N554 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“, თვალჭრელიძის II შესახვევის მიმართულებით გადაადგილებისას, აბაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს ხომლელის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების საშუალებით.