“ნომრების დამატების ნაცვლად, გვინდა ახალი სერვისები შევქმნათ” – Glamping Georgia Krikhi-ს გეგმები

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ კრიხში 2018 წელს გახსნილი პირველი გლემპინგ-სასტუმრო, 2024 წლის ზაფხულის სეზონს სიახლით ხვდება. როგორც Glamping Georgia Krikhi-ს დამფუძნებელი, გიორგი ისაკაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, სასტუმრო სივრცეს ახალი ღია აუზი დაემატა, რომელიც 20-25 ადამიანზეა გათვლილი.
“ახალი აუზი ძირითადად ჩვენი სტუმრებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა მცირე რაოდენობით სხვა დამსვენებლებისთვისაც გავხსნით, როდესაც ბევრი სტუმარი არ გვეყოლება. ჩვენს ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება აუზზე ვიზიტის დაჯავშნაც, ერთჯერადი ღირებულება 50 ლარია, კარვის დაჯავშნის შემთხვევაში კი – ღირებულებაში შედის”, – აღნიშნავს გიორგი ისაკაძე.
მისი თქმით, “infinity” აუზის მოსაწყობად ინვესტიცია $150 000-ს აჭარბებს.
როგორც ისაკაძე აღნიშნავს, Glamping-ში ზაფხულის სეზონზე ჯავშნების მიღება ახლახან გააქტიურდა და არსებობს მოლოდინი, რომ ივლის-აგვისტოს თვეში სასტუმრო 100%-ით დაიტვირთება.
“ჯერჯერობით ადგილები საკმაოდ გვაქვს. რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად დაიწყო ჯავშნების მიღება. სამწუხაროდ, რაჭის ტურისტული სეზონი ძალიან დაპატარავდა, გვიან იწყება ჯავშნების მიღება, ბევრი ფაქტორიდან, მათ შორის, ს ტრაგედიიდან გამომდინარე, რამაც ძალიან დაგვაზარალა.
ველოდებით, რომ ივლის-აგვისტოს თვეში სრულად დავიტვირთებით, რადგან ბევრი ნომერი ისედაც არ გვაქვს, ამჟამად მხოლოდ 7 კარავი გვაქვს, 2 რემონტდება. აგვისტოს შემდეგ, ალბათ, უკვე ნაწილობრივი დატვირთვა გვექნება”, – აღნიშნავს ისაკაძე.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Glamping Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი კარვების დამატება აღარ იგეგმება, მიზანი ახალი სოციალური სივრცეების შექმნაა.
“მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, დამატებით საინტერესო სოციალური სივრცეები შევქმნათ. ნომრების დამატებას აღარ ვგეგმავთ, გვინდა, სერვისები შევქმნათ და მაღალ სეგმენტზე გადავიდეთ. ასევე, უკვე დავამატეთ ახალი სივრცე: კოცონის გარშემო მოვაწყვეთ შეკრების ადგილი და გვსურს, სხვა მსგავსი ტიპის შეთავაზებები გვქონდეს”, – ამბობს გიორგი ისაკაძე.
Glamping Georgia Krikhi რაჭაში 2018 წელს გაიხსნა. სასტუმრო ობიექტი 10 გლემპინგ-კარავსა და 2 კოტეჯს აერთიანებს, თუმცა, ამჟამად რამდენიმე ნომერი რემონტის პროცესშია.
გლემპინგ-სასტუმროს ერთი ღამით ქირაობა, კაცზე ₾180-დან იწყება და, ნომრის ტიპის მიხედვით, ₾500-მდე იზრდება. ხელმისაწვდომია როგორც ერთ, ისე ორ, სამ, ოთხ და ხუთ ადამიანზე გათვლილი ნომრები.