ისრაელი განიხილავს “ჰამასის” შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე

ისრაელის შეიარაღებული ძალები და დაჯგუფება “ჰეზბოლა” ლიბანიდან ერთმანეთს საჰაერო იერიშებით ესხმიან თავს. ღაზაში თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის პარალელურად ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ საჰაერო იერიშები დროდადრო აქტიურდება და აძლიერებს შიშს იმის შესახებ, რომ კონფლიქტი რეგიონში უფრო ფართოდ გავრცელდება.
“ჰეზბოლა” ამბობს, რომ მან 200-ზე მეტი რაკეტა ესროლა ს ბაზებს და “ასაფეთქებელი დრონებიც” გამოიყენა. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ამბობს, რომ ეს პასუხია ისრაელის მიერ ოთხშაბათს მისი ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობაზე.
“ჰეზბოლას” თავდასხმის შედეგად ისრაელის მთელ ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო საგანგაშო სირენები ჩაირთო. ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მან ბევრი რაკეტისთვის გზის გადაჭრა და განეიტრალება შეძლო. ლიბანში კი ამ რაკეტების გამშვებ პოზიციებს დაარტყა.
სამშვიდობო მოლაპარაკებები კი ჯერჯერობით კვლავ წარუმატებელია, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს განიხილა, რომ ისინი მსჯელობენ იმ ზოგიერთ ასპექტზე, რაც “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების პირობებად კატარელი მედიატორების საშუალებით ისრაელს მიაწოდა. პირობებს შორის “ჰამასის” მიერ დარჩენილი მძევლების გათავისუფლებაცაა.
“შუამავლებმა მძევლების გათავისუფლების თაობაზე მომლაპარაკებელთა გუნდს “ჰამასის” პასუხი გადასცეს. ისრაელი იკვლევს ამ პასუხს და შუამავლებს პასუხს შეატყობინებს”, – ვკითხულობთ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა, რომლის შედეგადაც 1 200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 240-მდე კი – მძევლად გაიტაცეს. ღაზის ჯანდაცვის უწყება, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, ამბობს, რომ ისრაელის საჰაერო თუ სახმელეთო იერიშებს ათეულობით ათასი ადამიანი ემსხვეპრლა, მათ შორის უმეტესობა – ქალები და ბავშვები. ისრაელი ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებების მიზანი “ჰამასის” და მისი ქსელის განადგურებაა, დაჯგუფება კი მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ფარად იყენებს.