„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა

საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და DataFest Tbilisi-ის ორგანიზებით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა. ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი უძღვებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მმართველობისა და რეგულირების საკითხი უფრო აქტუალური ხდება. მათი თქმით, თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი, ეთიკურ ან პასუხისმგებლიან AI-ზე იყო გადატანილი, შეხვედრის სპიკერმა ახალი კონცეფცია – მომხმარებელზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტი განიხილა.
„მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას ხელს უწყობს, მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციებს, რაც უზრუნველყოფს, AI ტექნოლოგიები სრულფასოვნად ემსახურებოდეს მათ, ვისთვისაც ისაა შექმნილი. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ AI მმართველობის პროცესების დანერგვა საკუთარ კომპანიებში და რა ცვლილებებია საჭირო ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად”, – განაცხადა DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელმა, ნინო მაჭარაშვილმა.
მათივე ცნობით, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, სპიკერისთვის როგორც პირისპირ, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ისე ვირტუალურად, ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოესმინა.
„მსგავსი ღონისძიებები დამსწრეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს და თემით დაინტერესებული პროფესიული ქსელის შექმნასა და გამყარებას. ხშირად ქართული ბიზნესი გლობალური ტენდენციებისგან იზოლირებულად ვითარდება და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტუალური თემების გამორჩევა, კომპეტენტური სპიკერების დახმარებით კი მათი ქართულ პროფესიულ წრეებამდე მიტანა“, – განაცხადა ნინო მაჭარაშვილმა.
მათივე ინფორმაციით, “საქართველოს ბანკისა“ და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა 7 წელია, გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა და შეხვედრები როგორც დედაქალაქსა და რეგიონებში, ისე ონლაინ ჩატარდა.
„მოხარული ვართ, რომ DataFest Tbilisi-სთან ერთად მორიგი საინტერესო შეხვედრა შედგა და უახლესი, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს, რომლებიც ინოვაციების დანერგვაზე არიან ორიენტირებული, საინტერესო ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ყველა ისეთი ინიციატივა, რაც ბიზნესებს განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას შევთავაზებთ“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ინფორმაციისთვის, 19-21 სექტემბერს, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მასშტაბური ფესტივალი DataFest Tbilisi 2024 ჩატარდება. ღონისძიება 1000-მდე სტუმარს უმასპინძლებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით, მონაცემთა მეცნიერებით, ვიზუალიზაციით და სხვა ტექნოლოგიური საკითხებით არიან დაინტერესებული.
19-21 სექტემბრის ფესტივალზე მეტი ინფორმაციის მიღება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდიდან https://www.datafest.ge