გორის სასამართლომ ბიზნესმენსა და აქტივისტ სოსო ბაბაევს გირაო, ათასი ლარი, შეუფარდა

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (ათასი ლარი) შეუფარდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
დღეს, 3 ივლისს, გამართულ პროცესზე ბრალმდებელი მიხეილ ბერიაშვილი ბაბაევისთვის გირაოს სახით 10 000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორი შუამდგომლობას იმით ასაბუთებდა, რომ, მისი მტკიცებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბაბაევის ინტერესების დამცველები კი აცხადებდნენ, რომ გირაოს გამოყენების საჭიროება საერთოდ არ არსებობდა, რადგან ბაბაევი ბოლო ერთ თვეში არც მიმალულა და არც სხვა დანაშაულის ჩადენა არ უცდია.
სოსო ბაბაევს დღეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის საფუძველი გახდა რამდენიმე სამართალდამცველის ჩვენება. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ბაბაევის იარაღით გადაადგილების შესახებ და ამიტომ ის გააჩერეს, გაჩხრიკეს და იარაღი ამოიღეს.
სოსო ბაბაევი თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან განაცხადა: „ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობდაო, ჩემზე ხომ იძახიან? ამ მძიმე ბრალდებაზე თვითონ პროკურატურამაც კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როცა გირაოს შეფარდება მოითხოვა. მათ მთელი საქმე თავზე დაეხათ. ახლა მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ იარაღის ჩამდები პოლიციელები გადაარჩინონ. მე ვფიქრობ არ გამოუვათ, გავიმარჯვებთ და ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ“, – განაცხადა ბაბაევმა.
სოსო ბაბაევის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 2 აგვისტოს დაიწყება.
14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის, სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ.
სააპელაციო სასამართლოს პროკურატურამ ბაბაევის საქმეზე მას შემდეგ მიმართა, რაც 6 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ბაბაევის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ჩხრეკის ოპერაცია.
პოლიციის მიერ 4 ივნისის ღამით დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. სოსო ბაბაევი სააპელაციო სასამართლოს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები – ის იარაღები, რომლებიც, -ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რომლებსაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი.
იოსებ ბაბაევი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
ბაბაევის ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა და ამის შესახებ მან პოლიციაშიც განაცხადა. „ბრალის წარდგენა მოხდა მხოლოდ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, რადგან პისტოლეტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც კი მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უკანონოდ ამ იარაღის ჩადებას. გარდა ამისა, შემოთავაზება იყო, რომ მონაწილეობა მიგვეღო საგამოძიებო მოქმედებაში, როგორიც არის ნერწყვის ნიმუშის აღება, რაზეც განვაცხადეთ უარი და დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ ვენდობით გამოძიებას“, – განაცხადა ლექსო მერებაშვილმა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ 6 ივნისს გამართულ პროცესზე დაუშვებლად ცნო შსს-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომაზე, ბაბაევს სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა. პროცესზე ბიზნესმენმა ილაპარაკა მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ბაბაევი ამბობს, რომ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი და „კალაშნიკოვის“ ავტომატი ჩაუდეს და პოლიცია ამას მისი სამოქალაქო აქტივობის გამო აკეთებს, ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციებში.
6 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ ჩამოთვალა დარღვევები, რომლებიც ბაბაევის დაკავებისას გამოვლინდა. მან დაუშვა, რომ ბიზნესმენს არაადამიანურად მოეპყრნენ. ლევან დარბაიძის შეფასებით, ეს ვარაუდი ვერ გაქარწყლდა ვერც წარმოდგენილი მასალებით და ვერც საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით.
სოსო ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც -ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.
ში ს შეჭრის შემდეგ, ბაბაევი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეკრებით და ადგილზე ჩატანითაც იყო დაკავებული.
ბაბაევი, როგორც თბილისში, ისე გორში „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!