მსხვერპლი მოჰყვა ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მერის წარმომადგენელმა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიმიტრი მოდებაძემ.
„ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ… აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი რა სწავლება იყო.
გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება“, – თქვა დიმიტრი მოდებაძემ.
ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყებაში ადასტურებენ, რომ თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.
შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. სამხედრო თვითმფრინავის, სუ-25-ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ 13:25 საათზე გაავრცელა.