მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას – ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური მთავრობიდან.
„უნდა ვაღიაროთ, რომ მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. რუსული კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა უმძიმესი ძალადობა ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია.
ჩვენ მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას. ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შეიტანეს რამდენიმე ცვლილება, რომლითაც დაგმეს „რუსული კანონის“ მიღება და ის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ.