გახარიას თქმით, ივანიშვილმა აშშ-ში მთავრობის წარმომადგენელი „პერსონალურ შიკრიკად“ გაგზავნა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ჰყავდა გაგზავნილი. „გახარიას კვირაში“ მას არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა.
„ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა… ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის „ფოსტალიონად“ უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია სწორად ან უძლეველობის წარმომსახველად…“ – თქვა გიორგი გახარიამ.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ბოლო პერიოდში ძალოვანი უწყებებიდან აშშ-ში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. უწყებაში ამბობენ, რომ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, რომელიც 12 ივნისს იყო, ლილუაშვილი აშშ-ში გაემგზავრა ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად.
„ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ უთქვამთ, ვისთან ერთად იყო ლილუაშვილი აშშ-ში, რამდენი ხნით და დაბრუნდა თუ არა ქვეყანაში.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ ტერორიზმთან და სხვა საფრთხეების დაძლევასთან დაკავშირებით.
„არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს!“ – უთხრა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში მოგზაურობის საკითხით მედია მას შემდეგ ინტერესდება, რაც ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების გამო სანქცია დაუწესდა მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”