საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს | ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. მისი განმარტებით, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს.
მისი თქმით, ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს – მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად. ელჩის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
“ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნას და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. ასე რომ, ჩვენი, ევროპული გადმოსახედიდან, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს. ჩემი ქვეყნის, სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გადავხედავთ, რომლებიც წარსულში შეუერთდნენ ევროპულ კავშირს, ეს ყოველთვის იყო ყველას კოლექტიური ძალისხმევა და მთავრობა აშკარად უნდა იყოს ინკლუზიური. ოპოზიციამ უნდა მოუსმინოს საზოგადოებას, მაგრამ, ამავდროულად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრიორიტეტია. ვიცი, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ მიზანს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად”, – თქვა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ნოემბერს, მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დამტკიცდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაც, რომელიც ევროკომისიას გაეგზავნა.

ასევე ნახეთ: