საქართველოში შესაძლოა აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანო შეიქმნას

„აუცილებელია არსებობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე“ – რა ხარვეზებია სათამაშო ბიზნესში და როგორ შეიძლება მისი მოგვარება, ამ თემაზე UNICEF-ის ექსპერტმა, “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი არ არის უკეთესობისკენ და ჩემი გადმოსახედიდან, ეს არც შეიცვლება. თუკი არ გავითვალისწინებთ ევროპულ გამოცდილებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია არსებობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე. მითუმეტეს, რომ საქართველოში იმ ადამიანების დეფიციტია, ვინც ამ საქმეში კარგად ერკვევა.
უფრო დეტალურად რომ ავხსნა, აღმასრულებელი ორგანო თამაშდამოკიდებულთა მიმართულებით არის , ფინანსთა სამინისტრო არის მარეგულირებელი, განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია ცნობიერების ამაღლებაზე მოსწავლეებში, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია მის პრევენციაზე, ამ ყველაფერში ჩართულია ეროვნული ბანკიც, რომელიც ტრანზაქციებს აკონტროლებს. ანუ, ჯამში 5 უწყებაა ჩართული ამ სფეროში და ამავდროულად, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ზუსტად ამ პრობლემას აგვარებს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება“ – აცხადებს გუგა ბესელია.
მაგალითად მან ბრიტანეთი მოიყვანა, სადაც მსგავსი ორგანო , 2000-იან წლებში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ აქტიურად ფუნქციონირებს. ბესელიას თქმით, სექტემბერში ისინი თავისი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავენ.
bpn.ge