ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ირინა საკი – მოხარულები ვართ, რომ BTU-ს ქალთა გაძლიერების პროექტს მხარს ვუჭერთ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” აქტიურ ფაზაში შედის. მის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მენტორები, ექსპერტები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.
„მოხარულები ვართ, რომ ქალთა გაძლიერების პროექტს მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვჯერა, რომ ქალები საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდუსტრიის განვითარებაში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ახალი IT ბიზნესების მიმართულებით. ს ბიზნესმოდელმა ფანტასტიკური შესაძლებლობები შექმნა ევროპული კომპანიებისთვის,“ – განაცხადა ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ირინა საკმა.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდროვიჩი, რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.
პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მიზნად ისახავს, ქალთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ მონაწილეთა მინიმუმ 30% სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა.
ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსების მეშვეობით, აღნიშნულ ინიციატივას, უდიდესი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, კერძოდ, ხარისხიანი განათლების, გენდერული თანასწორობის, ღირსეული სამუშაო ძალის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები 5 ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელდება: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.
პირველი ნაკადის გადამზადება 2024 წლის ივლისიდან დაიწყება და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი ჩაერთვება.
(R)