გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 27 ივნისს, დამატებით კიდევ 2 კანდიდატი წარედგინა.
საპროკურორო საბჭოს ცნობით, იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა.
ამ ეტაპზე, სულ 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.
საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.