ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით ბაზრის სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტი შეღავათი ან მოგება ნახონ – ნიკოლოზ სუმბაძე

„ბირჟაზე მონაწილეობით, ბაზრის სუბიექტებისთვის შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მათ აკლიათ ელექტროენერგია, მოხმარების კუთხით ან აქვთ სიჭარბე, არსებობს შესაძლებლობა, რომ გაყიდონ ან იყიდონ ელექტროენერგია და ის ფასის განსხვავებები, რაც შეიძლება კონტრაქტში ჰქონდეთ, ან საბალანსო ბაზრიდან შესყიდულ ელექტროენერგიაში, უფრო მეტი შეღავათი, ან მოგება ნახონ ბირჟაზე ვაჭრობით, – ამის შესახებ სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორმა, ნიკოლოზ სუმბაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც ბაზრის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ.
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ბირჟა ნამდვილად აჩენს შესაძლებლობებს ბაზრის მონაწილეებისთვის. 1 წლის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული სპეციფიკა შეითვისონ და მოერგონ ბირჟას“, – განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.
ნიკოლოზ სუმბაძემ „კომერსანტის“ ეთერში ენერგეტიკული ბირჟის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან პარალელი გაავლო ევროპის ქვეყნებთან, სადაც ბაზრის ლიბერალიზაცია უკვე განხორციელდა.
„რაც ევროპის ქვეყნებში მოხდა ბაზრის ლიბერალიზაცია, ერთ-ერთი შედეგი მოჰყვა ფასების ზრდა. თუმცა, ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს დამცავ მექანიზმებს, როგორიცაა საჯარო მომსახურების პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ასეთი ტიპის პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობამ დააკისრა საცალო მომხმარებლების მიმწოდებლებს. ამ მექანიზმის გამოყენებით საცალო მომხმარებლები დაცული არიან ბაზრის ლიბერალიზაციის პირველ ეტაპზე ფასების რყევებისგან და ასეთი რისკები არის პრაქტიკულად ნული. ეს ტარიფი არის გრძელვადიანი, 5-წლიანი და ამ ნაწილში მომხმარებლები არიან მაქსიმალურად დაცულები“, – განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.
რაც შეეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ის რისკები რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე იყო მინიმალური. ბაზრის ლიბერალიზაცია ეხებოდა შიდა ბაზრის გაუმჯობესებას, დამატებით საბაზრო მექანიზმების შემოტანას და ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით რისკები გაანალიზებული იყო.
„ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდეს შიდა ბაზარზე და ფასების განსაზღვრაზე. მეზობელი ქვეყნებთან საკანონმდებლო ბაზა არის განსხვავებული. ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან, სხვადასხვა მეზობელთან, სხვადასხვა საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაცია იყო საჭირო. ეს ერთ-ერთი გამოწვევა იყო. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობიდან გამომდინარე, ფასწარმოქმნაში იმპორტირებულ ელექტრო ენერგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, მოფიქრებული იყო ისეთი მექანიზმი, რომ იმპორტირებულ ელექტრო ენერგიას შიდა ბაზარზე ფასწარმოქმნაზე არ ჰქონოდა ზეგავლენა.
ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებით, სქემა რჩება იგივე და, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ფარგლებში, იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტრო ენერგიას შიდა ბაზარზე, ფასწარმოქმნის კუთხით, არ აქვს ისეთი ზეგავლენა, რომ დომინანტური მდგომარეობა ასეთმა სუბიექტებმა ნეგატიურად გამოიყენონ“, – განაცხადა სუმბაძემ.
რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც ძალაში შედის მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ამბობს, რომ არსებულ სტრუქტურაში ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტი – დღიური ბაზრები და ბაზრის კონცეფციიდან გამომდინარე, ბირჟაზე მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი.
„ახლახან შევიდა ცვლილებები ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში. რაც გულისხმობს არსებული სტრუქტურის შენარჩუნებას, თუმცა არსებულ სტრუქტურაში ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტი – დღიური ბაზრები, რომელსაც ოპერირებას გაუწევს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. ბაზრის კონცეფციიდან გამომდინარე, ბირჟაზე მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ბაზრის მონაწილეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა მონაწილეობა ბირჟაზე და მეორეს მხრივ – ბირჟაზე მონაწილეობით შეუძლიათ თავიანთი პოზიციები, ელექტროენერგიის გამომუშავება, ან მოხმარება დაიბალანსონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.