ნინოწმინდის პანსიონის საქმე – გაეროს უმკაცრესი დასკვნა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი უნდა დაიხუროს. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის დასკვნა ცნობილია. სამ წლიანი მოკვლევით დადგინდა, რომ პანსიონატში არსებული მდგომარეობაა საგანგაშოა და ვითარებაა კრიტიკას ვერ უძლებს. სახეზეა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევა.
მათ შორის ძალადობისგან დაცვის უფლება, მოსმენის უფლება და შშმ ბავშვების დაცვის უფლებები.
კომიტეტი დაუყოვნებლივ მოითხოვს პანსიონატში დარჩენილი რვა ბავშვის ტერიტორიიდან გაყვანას და უსაფრთხო ადგილზევე გადაყვანას.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი წერს, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რამდენადაც, დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მცხოვრები ბავშვების მიმართ განხორციელებული ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად.
კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს, მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარება.
გაეროს კომიტეტმა მთავრობას ნინოწმინდის პანსიონატის მცხოვრებთათვის კომპენსაციის გადახდა, რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოსთხოვა.
„57 ბავშვიდან ორის ინდივიდუალური საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ ისინი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ. 2008 წელს დაბადებული მ.ლ. სამი წლიდან ცამეტი წლის ასაკამდე, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში იყო განთავსებული, სადაც უნებლიე შარდვის გამო მკაცრი სასჯელებით იტანჯებოდა. აღმზრდელები ასაკით უფროს ბავშვებს ხშირად ავალებდნენ, მ.ლ და სხვა ბავშვები ჯოხების ან ხელების დარტყმით „გამოესწორებინათ“. 11 წლის ასაკში ის ასევე იძულებით იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. მეორე ბავშვი, ლ.კ, დაბადებული 2003 წელს, ასევე დადგა მსგავსი სირთულეების წინაშე. მათ შორის აღსანიშნავია არასაკმარისი საკვები, არასათანადო ჰიგიენა და გადაადგილების შეზღუდვა. მისი ძმაც, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განიცდიდა უყურადღებობასა და შეურაცხყოფას,“ – წერია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ გავრცელებულ დასკვნაში.
კომიტეტი ბავშვების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
კომიტეტი იშველიებს სახალხო დამცველის 2015 წლის დასკვნასაც, სადაც საუბარია როგორც ბავშვებს შორის ხშირ ბულინგსა და ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე მომვლელების მიერ მათი დასჯის ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა კვების აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვა, მეტანიების კეთება და ხოხვის იძულება.
„სახალხო დამცველმა 2018 წელსაც გამოაქვეყნა განმეორებითი ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო პანსიონში არსებული სისტემური პრობლემები და ზედამხედველობისა და ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა. 2020 წლის ივნისიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უარს ეუბნებოდნენ პანსიონში შესვლაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პანსიონში განთავსებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,“ ჯერ თბილისის სხვადასხვა სასამართლოებს, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ