უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გიზო უბილავა დღეიდან, ხოლო ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი 18 ოქტომბრიდან განმწესდებიან.
შესაბამისი დადგენილების პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
გიზო უბილავას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განმწესებას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს 78-78-მა დეპუტატმა.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილია სამი კანდიდატურა: გიზო უბილავა, ბადრი შონია, გოჩა ჯეირანაშვილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა, დღეის მდგომარეობით, ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსია წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან. კომიტეტმა იმსჯელა და გვთავაზობს, რომ კანდიდატებს კენჭი ეყაროს ანბანურად. ის კანდიდატი, რომელიც პირველი აირჩევა, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გამწესდეს დადგენილების მიღებისთანავე. ხოლო დანარჩენი ორი კანდიდატი 2024 წლის 18 ოქტომბრიდან”-განმარტა პაპუაშვილმა.