2023 წლის ნოემბერში რუსეთის დანაკარგებმა რეკორდულ რაოდენობას, დღეში საშუალოდ 931 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინის გენშტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, გასულ 6 კვირაში რუსეთის არმიის დანაკარგები დღეში 931 ჯარისკაცს შეადგენს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. აქამდე რუსეთის არმიას ყველაზე დიდი დანაკარგები მარტში ბახმუტის კამპანიის დროს ჰქონდა, როდესაც დღეში საშუალოდ 776 ჯარისკაცს კარგავდა.
უწყება აღნიშნავს, რომ დანაკარგების ზრდა რუსეთის არმიის მიერ ავდიივკაზე წამოწყებული კამპანიით არის გამოწვეული. რუსეთმა ავდიივკაზე სამხედრო კამპანია 10 ოქტომბერს დაიწყო.
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარმა რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია და მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავა.
ამავდროულად, უწყება ხაზს უსვამს, რომ მათ არ აქვთ საშუალება უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებლად გადაამოწმონ თუმცა, დასახელებული რიცხვები სრულიად დამაჯერებელია.