პარლამენტის ბიურომ “ლელოს” რეზოლუციის პროექტს – “საქართველოს დაცვის აქტი” – მსვლელობა არ მისცა

პარლამენტის ბიურომ პარია “ლელოს” რეზოლუციის პროექტს, “საქართველოს დაცვის აქტს”, მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საბიუჯეტო ოფისს აღნიშნულზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა.
“წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში არ არის შესაბამისი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული როგორც სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით, მიწის და სხვა უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით, ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებით, ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მოსაკრებლების დაწესებასთან, ფონდების და მაუწყებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით”, – თქვა საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა.
მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტი ეწინააღმდეგება საბიუჯეტო კოდექსში გათვალისწინებულ საბიუჯეტო სისტემის უნივერსალობის პრინციპს.
საპასუხოდ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან ცხადი და ნათელია, რომ ეს “ოცნების” გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
“არაფერი საერთო ამ რეზოლუციას არ აქვს იმ საბიუჯეტო გათვლებთან, რომლებზეც თქვენ საუბრობდით. ამის დასტურად, რომ ეს არ არის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების გადაწყვეტილება, ეს არის თქვენ მიერ, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ გეშინიათ საქართველოს დაცვის აქტი, რომლის მთელი არსი არის ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების, ქართული მიწის უკონტროლო მიყიდვის მათზე და მათ მიერ ბიზნესების ასევე უკონტროლო წარმოების საკითხები და ის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დაგროვდა, ეს დისკუსია არ გაიხსნას პარლამენტში, ეს მტკიცებულებები არ გახდეს საჯარო, ამის გეშინიათ”, -თქვა ნაცვლიშვილმა.