რომან გოცირიძე – ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“ – მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“ – ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ამიტომ მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს.
„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის “რუსული კანონი 2″. პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი. ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება” იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის” სახით.
ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არარსებული პრობლემების გამოგონებას და არსებული უმძიმესი, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას. უნდათ, ხალხმა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხებზე, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას. არ გაუვათ ეს პროპაგანდისტული ხრიკები. პუტინის გზას დამდგარ “ქართულ ოცნებას” პუტინის ამ პროპაგანდისტული კანონის გავრცელებაში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ. “რუსული კანონი 2″, რა თქმა უნდა, იქნება, ასევე, ვეტოდადებული, დარწმუნებული ვარ ამაში,” – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი კომიტეტებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეს იწყებს.
საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და ასევე, ოთხი კომიტეტის: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო