26 ნოემბერს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.
გახსნაზე კინოფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა გაგა ჩხეიძემ სცენა ბოიკოტში მყოფ ქართველ კინომატოგრაფისტებს დაუთმო.
სცენაზე ქართველი რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები, პროდიუსერები, კინომცოდნეები, კინოკრიტიკოსები, კინოჟურნალისტები და სფეროს სხვა წარმომადგენლები ავიდნენ. მათ პოსტერი წარწერით “450 კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თავისუფლებისთვის” გაშალეს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ნანა ჯორჯაძის ფილმით პეპლების იძულებითი მიგრაცია გაიხსნა.
2023 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და რეორგანიზაციის შეწყვეტას ითხოვდნენ. მათ მხარი ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაუჭირა.
პროტესტის მონაწილეები კინოცენტრის დირექტორის კონკურსის გზით არჩევას ითხოვენ. ამასთან ყოფილი თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.
ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.
23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა.
28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.
2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი მოხვდა. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ფესტივალის მონაწილე ფილმი ახსენა, თუმცა მხოლოდ ერთი ფილმის ანოტაცია გამოაქვეყნა.
20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსად PosTV-ის წამყვანი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.