პოლიციამ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე დააკავა

პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით დააკავა.
-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11ივნისს, ბრალდებული მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილი, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
31 წლის ინდიკო ბჟალავას დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომჩივანი 11 ივნისს მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმისთვის დაკავებული ერთ-ერთი მამაკაცის ცოლია. როგორც რადიო თავისუფლებას ბალდის კანიონთან საპროტესტო აქციების ერთერთმა ორგანიზატორმა ბაჩო თვარაძემ უთხრა, ინდიკო ბჟალავას 11 ივნისს დილის საათებში თავად გამოელაპარაკა ქალი და პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მიუხედავად ამისა, როგორც ცოტნე თვარაძე ირწმუნება ინდიკო ბჟალავას მხრიდან მეზობლის მიმართ შეურაცხყოფას და მით უფრო მუქარას ადგილი არ ჰქონია. როგორც თვარაძე განმარტავს, ინდიკო ბჟალავა სახლიდან წაიყვანა პოლიციამ გამოკითხვის მიზნით და მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს რომ ის დაკავებულია.
“2 საათის განმავლობაში არ ვიცოდით მისი ადგილსამყოფელი. არაფერს გვეუბნებოდნენ. ახლა გავარკვიეთ რომ ს პოლიციაში გადაიყვანეს”, – თქვა ცოტნე თვარაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისს, ღამე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაჭრილი არიან ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, ისინი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან.
მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები, გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წელია მოითხოვენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას. ინციდენტის თვითმხილველმა, ცოტნე თვარაძემ, რომელიც ძმასთან, ბაჩოსთან ერთად საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს შორისაა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მინდია ბჟალავას დანით შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ქუთაისის კლინიკაში გაუკეთეს.
არჩილ ბჟალავას შედარებით მსუბუქი ჭრილობა აქვს ხელზე. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ძმების სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ძმები ხურცილავები კომპანია „კანიონ 350”-თან დაახლოებული პირები არიან და კომპანიის ხელმძღვანელობის წაქეზებით მოქმედებდნენ.
2022 წელს, სახელმწიფომ „კანიონ 350“-ს იჯარით გადასცა ბალდის კანიონი, იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თითქმის ერთი წელია მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიას კანიონი 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა.
მშენებლობის მოწინააღმდეგეები 2023 წლის 24 ოქტომბრიდან ღამეს კარავში ათევენ. ისინი არსებული პროექტის შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. ირწმუნებიან, რომ ბალდის მცხოვრებთ კანიონზე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.
თავის მხრივ, ინვესტორი აცხადებს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა.
კომპანია „კანიონ 350“-ის ხელმძღვანელის გიორგი მერკვილაძის თანახმად, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მერკვილაძე მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება სურთ იმ მიზნით, რომ შემდეგ თავად მიიღონ ფინანსური სარგებელი. ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს იჯარით 2022 წელს გადასცა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. პროექტის წინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შედეგად ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მისი „ჩაბეტონება“ მოხდება. საპროტესტო აქციების გამო ბალდის კანიონზე მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ