შალვა პაპუაშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში საქმიანობენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მხარდამჭერია და შესაბამისად, სკოლის პირველი ნაკადის შეხვედრების სერია შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით გაიხსნა.
მათივე ცნობით, დისკუსიის თემა იყო ,,რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი”.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორზე, საჯარო მმართველობაზე, მნიშვნელოვანია იყოს კომუნიკაცია არა მხოლოდ ფორმალურ დონეზე – სისტემებით და წერილებით, არამედ ურთიერთობის ქსელით, რომელიც ყოველთვის ყველა სისტემაში აადვილებს ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობას და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ასეთი სახის პროექტები, რომელიც ამ ქსელს აძლიერებს, ერთმანეთთან კომუნიკაციას უადვილებს და ფორმალურის მიღმა არაფორმალურ კომუნიკაციასაც ამყარებს, მხოლოდ მისასალმებელია და მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეროვნულ მიზნებზე და ამოცანებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პერიოდს გადის, ეკონომიკურად გარკვეული დონის მიღწევა სჭირდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისკენაა მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პარლამენტი მთავრობასთან ერთად იღებს. თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ლიდერი ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროკავშირთან შედარებითაც”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თანმხლებ გამოწვევებზე.
როგორც მან აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების 55 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ კუთხით საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით წინ არის.
„პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა, რომელიც ამ რეგულაციების შესრულებაზე ზრუნავს საკანონმდებლო დონეზე, თუმცა შემდეგ უკვე სამინისტროები, კანონქვემდებარე აქტების დონეზე, მიჰყვებიან ამ პროცესს იმისთვის, რომ ყველა ეს რეგულაცია დაინერგოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის თბილისის საჯარო მმართველობის სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც მოდერაციას Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასწავლი კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. კურსი მოიცავს ექვს თემას და თითოეული თემის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და კერძო სექტორის წამყვანი კომპანიების ბიზნეს ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ