მოსამართლემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ მიიჩნია, ის უდანაშაულოა — ადვოკატი

გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ (სოსო) ბაბაევის დაკავების ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო. ბაბაევის ადვოკატის, კახა კალმახელიძეს მოლოდინი აქვს, რომ დაკავებულს დღესვე გამოუშვებენ.
ბაბაევი პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბაბაევი ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს.
„სასამართლომ მიიღო ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება და ჩხრეკა, როგორც პირადი, ისე ავტომანქანის ცნო უკანონოდ. ეს ნიშნავს, რომ იოსებ ბაბაევი მართალია – ერთადერთი მტკიცებულება ეს იყო. ყველა შემთხვევაში, ეს ადამიანი უნდა გამოუშვან,“ — უთხრა კალმახელიძემ “მთავარ არხს”, თუმცა დასძინა, რომ 72-საათიანი ვადა ბაბაევის დაკავებიდან 7 ივნისის საღამოს გადის და შესაძლოა, ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ.
გარდა ამისა, ბაბაევის ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
რესტო-ბარ Black Stars-ის მფლობელმა და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა იოსებ (სოსო) ბაბაევმა სასამართლო სხდომაზე მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. ბაბაევის თქმით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც იღებდნენ და შემდეგ ხელმძღვანელ პირებს უგზავნიდნენ. მისი შეფასებით, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.
„ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სწორ გზაზე ვარ […] ამ ოპერაციას ვინც ხელმძღვანელობდა, მეტსახელად „ტლაპო“ – ნამდვილი სახელი არ ვიცი – არის შევარდნაძის დროიდან და კიდევ უფრო [ადრეული პერიოდიდან] შეჩვეული არის ჩადებებს, ის არის გაზრდილი ამ ჩადებებით და ხალხის გაუბედურებით. იმ ღამეს რაც გააკეთეს ამ „სამართალდამცავებმა“, ყველაფერი არის აღბეჭდილი მათივე ტელეფონებში.
რომ მოვარდნენ და ყველა მხრიდან დადგნენ, მაგ დროს, მიშა ვინც არის [პოლიციელი] შუშების მტვრევა დაიწყო. რატომ ამტვრევთ, რა გჭირთ-მეთქი და რომ გავაღე კარები, გადმომაგდეს, ნადირებივით მეცნენ, დამადეს ბორკილები და ზედ შემდგნენ, ზეგ იხტუნავეს, გადამიარეს, ისე მცემეს. თავს მაწევინებდნენ, მერე ფეხით მირტყამდნენ. გამახსენდა ის კადრები, ორი გვამი მინდაო […] სილურჯეები მინდა, სილურჯეებიო ფოტოებს მიღებდნენ. ეს პიროვნება [უთითებს ერთ-ერთ პოლიციელზე] იწერდა ფურცელზე და თან იღებდნენ ვიდეოს. აი, იმ ნაცემს როგორ არაადამიანურად მეპყრობოდნენ, მაგ ყველაფერს აფიქსირებდნენ ვიდეოზე და უგზავნიდნენ იმ ხელმძღვანელ „ტლაპოს“, რომელიც შევარდნაძის დროიდან ხელმძღვანელობს არაკანონიერი [ქმედებებს]”, – უთხრა ბაბაევმა მოსამართლეს.
სასამართლო სხდომაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მას ძალადობის კვალი ვიზუალურად ეტყობა თავის არეში. მისი თქმით, დაკავების შემდეგ შეიყვანეს ოთახში, სადაც კამერები არ იყო დამონტაჟებული, სადაც ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს. ბაბაევის თქმით ამაზე არ დათანხმდა, რაზეც პოლიციელები გაბრაზდნენ და ძალით შემოახიეს ტანსაცმელი ‘ “ფიზიკურად, ხელები მქონდა [ზურგს უკან] გაკავებული. იმის გამო, რომ არ მივეცი ნებით, ტრუსიკიც კი შემომახიეს და დამტოვეს ეგრე.
დაკავებული აქტივისტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ტანსაცმელი ძალით შემოახიეს, დადგნენ, უყურებდნენ და ეუბნებოდნენ — „იყავი ახლა ეგრე“.
იოსებ ბაბაევი 4 ივნისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.
იოსებ ბაბაევი ანტირუსული პროტესტების მონაწილეა, რიგ შემთხვევებში, ინიციატორიც და ხელისუფლებისადმი მწვავედ კრიტიკული განწყობებით არის ცნობილი. მის რესტორანში სანქცირებულებად მოიხსენიება და არ დაიშვება ე.წ. კლანის ის 4 მოსამართლე, რომელთაც სანქციები -მა გასული წლის აპრილში დაუწესა.