პარლამენტში უარყოფენ, რომ რომელიმე დეპუტატმა აშშ-ის ვიზის გაუქმებაზე შეტყობინება მიიღო

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ, რომ დეპუტატებმა, რომელებმაც „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირეს, -ის ვიზის გაუქმებაზე შეტყობინება მიიღეს. ინფორმაცია დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების სანქციებაზე დაახლოებით 16:00 საათისთვის სოციალურ ქსელში სხვადასხვა მოქალაქემ გაავრცელა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც იმის გასარკვევად, ფლობენ თუ არა მსგავს ინფორმაციას. უწყების პრესსამსახურისთვის ამ საკითხზე დასმული კითხვა, უპასუხოდ არის დატოვებული.
„აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა სანქცირებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია აშშ-საც.
„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე, 24 მაისს შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოაცხადა შეზღუდვები მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, როცა „აგენტების კანონი“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ