არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მექსიკას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს 61 წლის კლაუდია შეინბაუმი. ის მექსიკის მოქმედი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მემარცხენე პარტიის, „ეროვნული აღორძინების მოძრაობის“ წარმომადგენელი და მეხიკოს ყოფილი მერია.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, 2 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში შეინბაუმი ხმების დაახლოებით 60%-ით იმარჯვებს. მის მთავარ კონკურენტს, მემარჯვენე პარტიათა ალიანსის კანდიდატ სოჩილ გალვესს, ხმა მისცა დაახლოებით 30%-მა. პრეზიდენტად კენჭს იყრიდა პარტია „სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატი ხორხე ალვარეს მაინესიც.
შედეგების საბოლოოდ, ოფიციალურად დადასტურების შემდეგ კლაუდია შეინბაუმი მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. განათლებით ფიზიკოსი, გარემოს დაცვის საკითხთა სპეციალისტი კლაუდია შეინბაუმი ევროპიდან ემიგრირებული ებრაელების შთამომავალია. შეინბაუმი იყო წევრი კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის, რომელმაც 2007 წელს ნობელის პრემია მიიღო.
2018 წელს კლაუდია შეინბაუმი აირჩიეს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს მერად. ოპონენტები შეინბაუმს აკრიტიკებენ პოლიტიკური დამოკიდებულების გამო მოქმედ პრეზიდენტ ობრადორზე, რომელსაც სტუდენტობიდან იცნობს.
შეინბაუმის მთავარი საარჩევნო დაპირება იყო უმწვავეს პრობლემასთან – დამნაშავეობასთან, მათ შორის განზრახ მკვლელობებთან ბრძოლა. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლიდან, როცა პრეზიდენტად ობრადორი აირჩიეს, მექსიკაში ყოველწლიურად ხდებოდა 30 000-ზე მეტი განზრახ მკვლელობა. მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 2020 წელს, როცა ოფიციალურად აღირიცხა 36 773 მკვლელობა. მას შემდეგ მაჩვენებელმა იკლო და 2023 წელს 30 000-ს ჩამოსცდა.

ასევე დაგაინტერესებთ