წელს პირველად, ფოთმა დებატების ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი, 29 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სკოლებში არსებული დებატკლუბების 100-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა „ეიპიემ ტერმინალს ფოთისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართულები იყვნენ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ დებატების კლუბებში.
„დებატების ტექნიკის სწავლა და მისი სრულფასოვნად დაუფლება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენს დებატების კლუბებში, არა მხოლოდ ყველა იმ უნარის განვითარებას უწყობს ხელს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდისათვის, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც წარუშლელ კვალს ტოვებს ნებისმიერ პროფესიაში და ნებისმიერი საქმიანობის დროს. გარდა ჩემი სადოქტორო სამუშაოსი ამ თემატიკაზე, ჩვენ დღემდე სისტემატურად ვახორციელებთ რაოდენობრივ თუ თვისებრივ კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი სწავლება ახალგაზრდებზე და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით ამ სასწავლო პროგრამის ეფექტიანობაში“, – აღნიშნა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარემ თინათინ ცერცვაძემ.
„2024 წლის ტურნირის მთავარი თემა გარემოსდაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა საზოგადოებას შეახსენეს გარემოსდაცვითი ვალდებულებები, დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.
მიმდინარე ტურნირთან ერთად, კერძო სექტორში არსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაცნობის მიზნით, სასწავლო ტური ჩატარდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში. მოსწავლეები შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილზე ნახეს ნარჩენების გადამუშავებისა და საოპერაციო პროცესის მიმდინარეობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„განსაკუთრებულად გვახარებს ის ფაქტი, რომ წელს, ჩვენი მხარდაჭერით ფოთმა პირველად უმასპინძლა დებატების ტურნირს. გარემოსდაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება ეიპიემ ტერმინალსის ძირითადი პრიორიტეტია, შესაბამისად, მოხარულები ვართ ახალგაზრდა თაობას გავუზიაროთ კომპანიაში დანერგილი კარგი, მდგრადი პრაქტიკა“, – აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი ეთუნა ცოტნიაშვილი.
რეგიონული ტურნირის წარმატებული მოსწავლეები გადავლენ შემდეგ ეტაპზე და იდებატებენ თბილისში დაგეგმილ ეროვნულ ტურნირში.
ეროვნული ტურნირი, რომელიც იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ,,თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით აერთიანებს 400-მდე მონაწილეს ქვეყნის მასშტაბით.
„პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ უკვე არაერთი წელია ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.