პარტია გირჩი ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართავს და სთავაზობს, რომ დატოვონ საპარლამენტო უმრავლესობა, რათა რუსული კანონის მიღება შეუძლებელი გახდეს და გირჩთან ერთად კოალიციური, მრავაპლარტიული მთავრობა ჩამოაყალიბონ.
“1. აქამდე თუ იმედი გქონდათ, რომ ამერიკელებთან ბრძოლა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, დღეს უკვე ცხადია, რა უფსკრულისკენ მიექანებით. 2. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. არავინაა ვალდებული ბელადს გადაჰყვეს. პირიქით, ამ დროს მორალური ვალდებულება გაქვთ რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ. 3. მომავალ კვირაში ამ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა. გთავაზობთ: – გამოხვიდეთ უმრავლესობიდან, რათა კანონის მიღება შეუძლებელი გახდეს. – უმრავლესობიდან ყველა გამოსულ დეპუტატთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა და მშვიდ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები. 4. თქვენ ისიც იცით, რომ მხოლოდ გირჩს დაეჯერება სიტყვაზე და მხოლოდ გირჩია ის ერთადერთი პარტია, რომელიც არ დაუშვებს პოლიტიკურ შურისძიებას. 5. ყველა სხვა შემთხვევაში, სრულიად პოლარიზებულ საზოგადოებაში, გაიმარჯვებს თქვენი ყველაზე აგრესიული ოპონენტი და ვერც ჩვენ დაგეხმარებით და ვერც მამა ზეციერი. ახლა თქვენი პერსონალური არჩევანი, ამ ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას განაპირობებს. იმედს ვიტოვებთ, რომ 84 დეპუტატს შორის მოიძებნება საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა, ვინც უფსკრულის წინ მაინც მიხვდება, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას.” – წერს გირჩი განცხადებაში.