დაფუძნდა ახალი პლატფორმა – “ევროპულ – დემოკრატიული ერთობა” – დეტალები

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ახალი ზეპარტიული საარჩევნო პლატფორმის „ ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე ახალი პლატფორმის ლიდერებმა „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ შექმნის მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საზოგადეობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს ერთობაში გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა პოლიტიკურ პარტია „ევროპელ დემოკრატებთან“ ერთად, რომელიც, როგორც კვალიფიციური სუბიექტი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით 6.
„დადგა საქმეზე გადასვლის დრო. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ერთობა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ოცნების პოლიტიკურ ჯგუფს განახორციელოს თავისი ანტიქართული, ანტიდასავლური სცენარი.
სიღრმისეული პოლიტიკური ცვლილებებისთვის, საკმარისი არ არის არსებული პარტიების მექანიკური გაერთიანება. ამ გაერთიანების ჯამი ვერ შეცვლის პოლიტიკურ სურათს და პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში. აუცილებელია გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მოქალაქემ. ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს მოწესრიგება უნდა გახდეს თითოეული ჩვენთაგანის საქმე. საარჩევნო პოლიტიკური წნეხის დაძლევა დღეს შეუძლებელია ზეპარტიული ერთობის შექმნის გარეშე. პოლიტიკის მიმართ მოქალაქეთა გაუცხოების დაძლევა საჭიროა ნდობის სიის შექმნით. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები უკან გადაწევენ ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებს ძლიერი ერთობის შესაქმნელად და მოსახლეობაში პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობის დასაბრუნებლად – ნათქვამია „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.