“საპასუხოდ ვიმოქმედებთ” – ბლინკენი “აგენტების კანონის” მიღებას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ე.წ. აგენტების კანონის მიღებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საპასუხოდ, “იმოქმედებენ” ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მოსმენის დროს ისაუბრა, სადაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კითხვა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა დასვა.
ბლინკენის შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი “მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადაწერილი”.
“ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადაწერილი, ამასთან ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ, ევროინტეგრაციისკენ.
ბევრს ვმუშაობთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ველოდები, რომ ვიმოქმედებთ”, – თქვა ბლინკენმა თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობდა.
21 მაისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც “მტკიცედ ურჩევს” ხელისუფლებას, გააუქმოს “აგენტების კანონი” არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის “ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით.”
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.

სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.
ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.
ფორუმი