საგამოძიებო სამსახურის უფროსს მომიტინგეებზე ძალადობის საქმეებზე პარლამენტში იბარებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში იბარებენ. შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ჯგუფის, “საქართველოსთვის” წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ბექა ლილუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილს მიმართეს. დეპუტატები კაციტაძის ანგარიშს კომიტეტის უახლოეს სხდომაზე ელიან.
დეპუტატებს აინტერესებთ ინფორმაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ. ასევე, აქტივისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ თავდასხმების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ.
“პოლიტიკურმა ჯგუფმა [“საქართველოსთვის”] ქალბატონ თეონა აქუბარდიასთან ერთად მივმართეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომ მოვიყვანოთ და საჯაროდ პასუხისმგებლობა ავაღებინოთ ამ სამსახურის ხელმძღვანელს, მისი ქვემდებარე მოიცავს რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს, ისევე როგორც, განსხვავებული აზრის მქონე პირებზე განხორციელებულ თავდასხმებს და დევნას, ასევე ჟურნალისტებისთვის საკუთარი საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის ფაქტებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას და დაცვას.
ამ სამართლებრივ საკითხებზე მას მოუწევს საჯაროდ პასუხისმგებლობის აღება, შევახსენებ ხელისუფლებას, რა ნაბიჯები გადადგა ამ სამსახურის დაშლის მიმართულებით ცოტა ხნის წინ, ახლა გასაგებია რა იყო პოლიტიკური ამოცანა და მოტივი ამ სამსახურის დაშლის და ფაქტობრივად პარტიულად დაქვემდებარების. მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი დააფარონ ძალადობის ჩამდენ პირებს და არ მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე,” — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა, პარტია “საქართველოსთვის” წევრმა.
“ვალდებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი მოვიდეს უფლებათა დაცვის კომიტეტზე და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც გაეგზავნება ჩვენი მხრიდან, გასცეს პასუხი და აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ეს სამსახური არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, პარლამენტი არის ანგარიშვალდებული საკუთარ ხალხთან.
კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ პასუხისმგებლობა გამოუძიებელ საქმეებზე, როგორც პოლიტიკოსების, მოქალაქეების და ჟურნალისტების მხრიდან, არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კისერზე,” — აცხადებს თეონა აქუბარდია.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულმა 71-მა პირმა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის მიმართა. ცნობილია, რომ უწყებაში ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია და გამოკითხულია არაერთი პირი. თუმცა, ზუსტ სტატისტიკას და უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას უწყება ამ დრომდე არ ასაჯაროებს.
მიუხედავად მედიაში გავრცელებული არაერთი ვიდეო-კადრისა, სადაც ცხადად ჩანს პოლიციელების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა, ამ დრომდე არცერთი სამართალდამცველი არ არის დაკავბული.

ასევე დაგაინტერესებთ