ირანის შს მინისტრი ადასტურებს, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, „უხეში დაშვება“ განახორციელა, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიემართებიან

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება დამატებით დეტალებს ელოდება.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
ნახევრად ოფიციალურმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა პრეზიდენტ რაისისთვის ილოცონ.
ამასთან, მედია წერს, რომ მაშველებმა ვერტმფრენის მდებარეობა ჯერ ვერ აღმოაჩინეს. სამუშაოებს ძლიერი წვიმა და ნისლი ართულებს.
არსებული ცნობებით, ირანის დელეგაცია აზერბაიჯანში სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა, ორ ვერტმფრენი, რომელშიც მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.