ღაზის სექტორში ცეცხლი დროებით შეწყდა — ტყვეების გაცვლა რამდენიმე საათში დაიწყება

ღაზის სექტორში ცეცხლი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით 09:00) შეწყდა, 16 საათისთვის კი ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 13 პირი უნდა გადასცეს ისრაელს. სანაცვლოდ, ისრაელმა ციხიდან პალესტინელი პატიმრები უნდა გამოუშვას.
ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე და „ჰამასი“ კატარის შუამდგომლობით შეთანხმდნენ. შეთანხმება პირველ ეტაპზე 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის შესაძლოა, გახანგრძლივდეს. სანაცვლოდ, „ჰამასმა“ ამ 4 დღეში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს, ისრაელმა — 150-მდე პალესტინელი პატიმარი.
ტელეარხ „ალ ჯაზირას“ ცნობით, ისრაელის ციხეებში 7 ოქტომბრამდე 5200 პალესტინელი იყო დაპატიმრებული, 7 ოქტომბრის შემდეგ დამატებით 3000 დააპატიმრეს სხვადასხვა ბრალდებით.
გარდა ტყვეების გაცვლისა, ღაზაში დღიურად 200-მდე სატვირთოს შეუშვებენ, რომელმაც უნდა შეიტანოს საკვები, სამედიცინო მასალები და საწვავიც.
ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
ფოტოზე: ქალაქი ხან იუნისი დაბომბვის შემდეგ. EPA-EFE/MOHAMMED SABER