სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ორთაჭალაში მოზარდს დაეჯახა ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადებით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა,“ — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მუხლი, რომლითაც ბრალდება დაკავებულს ედავება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
