სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს.
„სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.