„მინდა მოსწავლეებისთვის ვიყო შიშის დაძლევის მაგალითი“ — მასწავლებელი ანტირუსული აქციიდან

თბილისის 31-ე საჯარო სკოლის იტალიური ენის მასწავლებელი ნანა ზარდიაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ბოლო დღეებში მან, ისევე, როგორც რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტიურ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა, ბოლო დღეებში არაერთი მუქარა მიიღო ტელეფონით.
მას ურეკავდნენ უცხო ნომრიდან გინებით, მუქარით და „რჩევებით“, როგორ უნდა „იფრთხილოს სადარბაზოში შესვლისას.“
ნანა ზარდიაშვილის თქმით, ის გამოხატავს პროტესტს, რათა მოსწავლეებისთვის იყოს გამბედაობისა და შიშის დაძლევის მაგალითი.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში მასწავლებელი დეტალურად საუბრობს საკუთარ მოტივაციაზე, თუ რატომ დგას აქციებზე რუსული კანონის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ არ სურს რომელიმე პარტიასთან ან არხთან ასოცირება:
„რადგან ამ ხალხს, სავარაუდოდ, თვალში მოვხვდი, როგორც მასწავლებელი, ამიტომ მასწავლებლის პოზიციიდან ვიტყვი: როგორც იტალიური ენის მასწავლებელს, მთარგმნელსა და ლიტერატურათმცოდნეს, ან მხოლოდ ადამიანს, რომლის მთავარი გატაცებაც მოგზაურობა, ლიტერატურა და ენებია, არ მაქვს არავითარი კითხვის ნიშანი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული პერსპექტივა. არ ვგულისხმობ ევროპას, როგორც გეოგრაფიულ ადგილს, ვგულისხმობ ევროპას, როგორც კონცეფციას. რაც სხვა ყველაფერთან ერთად მოიაზრებს საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირების უნარს, გამბედაობას, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებას, წარსული მეხსიერების ქონასა და ანალიზისა და განზოგების უნარებს. ამას ხშირად ვეუბნები ხოლმე მოსწავლეებს და არ მინდა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები იყოს. მინდა მათთვის მე თვითონ ვიყო გაბედვის, შიშის დაძლევის, აზრის ღიად დაფიქსირების უნარის ქონის მაგალითი. ვფიქრობ დღეს თუ გავჩუმდები, ხვალ მორალური უფლება აღარ მექნება მოსწავლეებს იტალიური, ან რომელიმე უცხო ენის სწავლის მნიშვნელობაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე, ევროპული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე და სხვა თემებზე ველაპარაკო. ჩემი მოსწავლეების ისტორიისა და ლიტერატურის წიგნები სავსეა გაბედული და არაკომფორმისტი და არა შიშის, ფულის, თუ შანტაჟის გამო გაჩუმებული ადამიანების ისტორიებით. საპროტესტო აქციაზე გადაღებულ ფოტოებს ვაზიარებ იმიტომ, რომ ვიცავ იმას, რისიც მჯერა; 30 აპრილს დაფასთანაც გადავიღე ფოტო რადგან არ მინდა “საჯარო სამსახურში დასაქმებულის ქართული სტანდარტი”-ს ნაწილი ვიყო. მინდა ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა მართულობას, მორჩილებასა და გაჩუმებას არ ნიშნავს. რაც შეეხება თავად კანონს, ვფიქრობ, რომ ის ცალსახად დამაზიანებელი, რეგრესული, უსარგებლო და საშიშია. გულუბრყვილობაა იმაზე მსჯელობა, რომ გამჭვირვალობა საჭიროა. ამაზე კამათში შესვლაც კი არ ღირს. ის თავისი არსითა და ფორმით, უფრო დამორჩილების მექანიზმების ძიებას ემსგავსება, რასაც უკვე აშკარად ვხედავთ და იმის გამოცნობას, ამ კანონის მიღების შემდეგ, რა და როგორ მოხდება, დიდი წინასწარმეტყველური უნარები არ ჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეში 13 საათი ვმუშაობ და მართლა ძალიან დამღლელი და სტრესული სამუშაო მაქვს, სახლში, ჩუმად და “ჩემთვის” ვერაფრით ვიჯდები, რადგან როგორც მინიმუმ, ვიცი ისტორიები 37 წლის რეპრესიების შესახებ; მახსოვს, რომ უცხო ქვეყნის აგენტობის ბრალდებით მოკლეს; მახსოვს, რომ ტიციან ტაბიძე გადაასახლეს “უცხოელებთან” კავშირის გამო და ისიც ვიცი, რომ ძალიან მცირე გზაა “აგენტობიდან” – “ხალხის მტრობამდე”.
90-იანი წლების სიბნელეში, შიმშილსა და სიღარიბეში, მე ევროპულ ღირებულებებზე, გაბედულ მოგზაურებზე, უშიშარ გოგოებზე და თავისუფლებისთვის ბრძოლაზე დაწერილი წიგნების კითხვამ გადამარჩინა. დღეს მინდა ჩემმა დიშვილებმა და ჩემმა მოსწავლეებმა ისევ იკითხონ წიგნები, მაგრამ რაც მთავარია ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შეეძლოთ. არ მინდა იოცნებონ თავისუფალ სამყაროზე, მინდა მისი ნაწილი იყვნენ, თან არა როგორც ემიგრანტები, არამედ როგორც ამ სამყაროს მოქალაქეები. პ.ს. თუ ჩემი ამ პოზიციის გამო რეკვას, მუქარას და გინებას განაგრძობთ და თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ, ღმერთმა შეგარგოთ. დიახ, მეშინია. არც ჟანა დარკობა მინდა; არც ის მინდა საკუთარ თავზე გამოვცადო ის, რასაც ტელევიზიით ვუყურებ; არ მინდა ვინმემ ფიზიკურად და მორალურად მათრიოს; არ მინდა დედაჩემმა ჩემზე ინერვიულოს და ჩემ გამო ღამეები ათიოს; მაგრამ იმის უფრო მეშინია, რომ ხვალ ყაზახეთში გავიღვიძო და ზეგ ჩემი დიშვილები მონობის სიბნელეში იხრჩობოდნენ გაზითა და წიწაკის სპრეით.“
მთავარ ფოტოზე: ნანა ზარდიაშვილის ფოტო საკლასო ოთახიდან, რომელიც მან 29 აპრილს გამოაქვეყნა წარწერით: „გუშინ – აქციაზე, დღეს – სკოლაში… …და სხვა კომბინაცია შეუძლებელია, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა მიმდევრობის და ქრონოლოგიის გადანაცვლებით შედეგი და ჩემი და ჩემი მოსწავლეების მომავალი იცვლება“.
29 აპრილს საქართველოს არაერთ სკოლაში გაკვეთილები გაცდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მასწავლებელთა ნაწილი საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან თბილისში ჩამოიყვანა ანტიდასავლურ აქციაზე დასასწრებად.

ასევე დაგაინტერესებთ