წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიაზე “მშობლების აქციის” მონაწილე დედები იკრიბებიან. ისინი პარლამენტში დაინიცირებულ და 2 მოსმენით მიღებულ “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
აქციის მონაწილე დედებს შეურთდნენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც.
როგორც ისინი აცხადებენ, მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს და შვილებთან ერთად იდგნენ ქვეყნისა ინტერესების დასაცავად.
“ჩვენი შვილები დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკურ არჩევანს აპროტესტებენ. რაც უნდათ ჩვენს შვილებს, იმას გავაკეთებთ ჩვენც. ამ ქვეყნის ახალგაზრდები რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოს მოქალაქეები არ იქნებიან. ისინი იცხოვრებენ საქართველოში, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება,” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, შვილები იმისთვის არ გაუჩენიათ, რომ რუსეთში იცხოვრონ.
“ჩვენ შვილები იმისთვის არ გაგვიჩენია, რომ რუსეთში იცხოვრონ. დავიძრებით წერეთლიდან და შევუერთდებით აქციის დანარჩენ მონაწილეებს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.