პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო და ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ცვლილებები გამჭვირვალობის კანონში აისახოს – შალვა პაპუაშვილი

საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ შინაარსობრივი განხილვის გარკვეულ ტენდენციასა და მზაობას. ამიტომ, ჩვენ, მათ შორის მეც, როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო და ვეტო არის ის მექანიზმი, როდესაც თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი, იგი აისახოს კანონში.
„მას შემდეგ, რაც მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირება, ატყობთ, რომ ყოველ დღე, ყოველ საჯარო გამოსვლისას ვცდილობთ, რომ როგორმე შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, თავიდანვე ამ კანონპროექტს უბრალოდ დახვდა ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან და ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და რომელზეც თავად ევროკავშირიც მუშაობს, ეს იდეა განგვეხილა დეტალებში, ნაცვლად ამისა იყო ყრუ კედელი. კანონის ბრენდირება იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯითა და შინაარსით.
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ შინაარსობრივი განხილვის გარკვეულ ტენდენციასა და მზაობას. ამიტომ, ჩვენ, მათ შორის მეც, როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით. ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო. ვეტო არის ის მექანიზმი, როდესაც თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და ახლა მაინც უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა უბრალოდ მათ შესთავაზონ ბრენდირება ამ კანონისა და თუკი შევთანხმდებით ჩვენ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.