აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„აპსნიპრესის“ ცნობით, გათავისუფლებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამა მოაწერა.
ტელეგრამ არხი „აფხაზური პორტალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინალ არძინბა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ დაკითხვაზე გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, დაახლოებით ერთი კვირაა, ინალ არძინბას ეკრძალება აფხაზეთის დატოვება.
„აპსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ინალ არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.
კრემლის ყოფილი თანამშრომელი და უკრაინაში ძებნილი ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლის ბოლოდან იკავებდა.
ინალ არძინბა ასევე იყო აქტიური მხარდამჭერი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“ რუსული კანონის.
მიმდინარე წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.
რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
ანალოგიური კანონის მიღებას აპირებს საქართველოს ხელისუფლებაც. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.