რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა “უცხოეთის აგენტებად” წოდებულებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთბაშად მეორე და მესამე, საბოლოო მოსმენით 6 მაისს დაამტკიცა შესწორებები, რომლებიც ე.წ. “უცხოეთის აგენტებად” წოდებულ პირებს ყველა დონის არჩევნებში უკრძალავს კანდიდატებად მონაწილეობას.
შესწორებების თანახმად, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ “უცხოეთის აგენტების” სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები. უკვე რეგისტრირებული პირების “უცხოეთის აგენტების” სიაში შეყვანა არ შეიძლება ს შედეგების შეჯამებამდე.
შესწორებები ასევე ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას “უცხოეთის აგენტებისთვის”, რომლებიც არიან სენატორები, სახელმწიფო სათათბიროს, რეგიონების საკანონმდებლო საბჭოების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატები – თუკი კანონის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში მათ რეესტრიდან არ ამოწერენ.
ს სახელმწიფო სათათბიროში “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეული პირები ამჟამად არ არიან, თუმცა ასეთები არიან მოსკოვის საქალაქო სათათბიროში (დარია ბესედინა, მიხაილ ტიმონოვი, ევგენი სტუპინი), პეტერბურგის საკანონმდებლო საბჭოში (ბორის ვიშნევსკი), კომის რესპუბლიკის საკანონმდებლო საბჭოში (ვიქტორ ვორობიოვი), ასევე მუნიციპალურ დეპუტატებს შორის.
ეს შესწორებები გასულ კვირაში, მოულოდნელად დაუმატეს კანონპროექტის მეორე განხილვას – პირველ ეტაპზე შესწორებები მიემართებოდა არჩევნებზე იმ მოქალაქეთა არდაშვებას, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეცდომების შემცველ დოკუმენტაციას შეიტანდნენ.
კანონპროექტში შესწორებების ნაჩქარევი შეტანა შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის “უცხოეთის აგენტებად” წოდებული მოქალაქეების ინიციატივას დაეწყოთ საკუთარი კანდიდატების წამოყენების კამპანია მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე, რომელიც ამ წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს. ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვის სათათბიროში მოხვედრას შეეცდებოდა 45 “უცხოეთის აგენტი” – მთელი ქალაქის საარჩევნო ოლქების მასშტაბით.
რუსეთში “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში ამჟამად 400-ზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი. მათგან ბევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა დიდი ნაწილი რუსეთში რჩება.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უწინ აცხადებდნენ, რომ “უცხოეთის აგენტების” სიაში პირების თუ ორგანიზაციების შეყვანა არ გამოიწვევდა მათი უფლებების დარღვევას, და რომ ეს ზომა მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლს მიემართებოდა უცხოური დაფინანსების მიმართ.