სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული და პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში მოინახულა.
იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი შექმნის შესაბამის დოკუმენტაციას, გადაუგზავნის საგამოძიებო სამსახურს და მოახდენს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება გამოძიება.
ასევე, იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა სოფო ჯაფარიძეც, რომელსაც, ომბუდსმენის თქმით, “არ აღენიშნება გარეგნულად პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების ადგილი”.
“მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე. ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება გარეგნულად დაზიანებები და კონკრეტულ, ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ისიც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი, თუმცა გარეგნულად მას ეს არ აღენიშნებოდა, ამბობს, რომ დაბეჟილობა აქვს.
ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ და ა.შ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და რა თქმა უნდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება”, – თქვა იოსელიანმა.