პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციაზე ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს დგას, დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამს.
რადიო თავისუფლებამ დააფიქსირა ორი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ნიღბიანი პირი აქციის ორ სხვადასხვა მონაწილეს სახეში ძლიერად ურტამს მუშტს.
ეპიზოდი #1
ერთ-ერთი თავდასხმა 21:43 საათზე ხდება, მას შემდეგ, რაც პოლიცია პირველად იყენებს სპეციალურ საშუალებას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის:
ნიღბიანი პირი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩის კვეთასთან, 9 აპრილის პარკთან, სპეცრაზმელებთან ერთად იმყოფება.
„რობოკოპები“ რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად უპირისპირდებიან, ამ დროს მათი უკანა რიგებიდან სწრაფად გამოდის აღჭურვილობის გარეშე მყოფი, შავ ტანისამოსში ჩაცმული პირი, რომელსაც შავი ნიღაბი უკეთია და შავი კეპი ახურავს.
ამ დროს იგი სახეში ურტყამს კუბოკრულ პერანგიან ახალგაზრდა კაცს.
ახალგაზრდა კაცი დარტყმის შემდეგად მიწაზე ვარდება, შემდეგ კი მალევე წამოდგება და სხვისი დახმარებით ცდილობს გარიდებას.
ეს სცენა ჩანს „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში; ასევე, არასრულად ჩანს დემონსტრანტის, ქეთი მოსიავას გადაღებულ ვიდეოში.
ეპიზოდი #2
მეორე ეპიზოდის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, პირველი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ხდება.
ამ დროს პოლიციას ზუბალაშვილების ქუჩიდან უკვე განდევნილი ჰყავს დემონსტრანტების ნაწილი.
ადგილმდებარეობა რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებითაა, – ძმები ზუბალაშვილების ქუჩისა და ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში, პარლამენტის ზედა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება: ნიღბიანი გამოეყოფა ფარებით აღჭურვილი „რობოკოპების“ რიგს ზურგიდან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების წინ მდგარ დემონსტრანტს სახეში ურტყამს მარჯვენა ხელს.
ეს დემონსტანტიც ახალგაზრდა კაცია.
ამის შემდეგ ნიღბიანი პირი ჯერ უკან იწევს და სხვა სპეცრაზმელებს წინ წაწევისკენ უბიძგებს, შემდეგ კი კვლავ წინ მიიწევს.
ამ ინციდენტის ამსახველი კადრები ფეისბუკზე 22:23 საათზე „ფორმულას“ პროდიუსერმა მათე კირვალიძემ ატვირთა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა [23:25] სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება 30 აპრილს პარლამენტთან დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზე.
უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია დაზუსტდება.
აღნიშნულ პერიოდში არაერთი ადამიანი დაშავდა, ძირითადად, სპეციალური საშუალების, – სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად. დაშავებულთა შორის პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც არიან.
დაახლოებით თორმეტის ნახევრისთვის შსს-მ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაიწყო.