უკრაინაში ღამის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო დაზიანდა. არიან დაშავებულები.
„სერიოზულად დაზიანდა საწარმოების აღჭურვილობა, ამ წუთებში ენერგეტიკოსები ცდილობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას“, – განაცხადა კერძო ენერგეტიკული კომპანია ДТЭК-მა, რომელიც ფლობს რუსეთის მიერ სამიზნეში ამოღებულ თბოელექტროსადგურებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არიან დაზარალებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმან გალუშჩენკომ განმარტა, რომ ერთ-ერთ ობიექტზე მყოფმა თანამშრომელმა კონტუზია მიიღო.
სარაკეტო იერიში იქნა მიტანილი ხარკოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, – განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა. შედეგად ერთი პაციენტი დაიჭრა.
„საბედნიეროდ, რაკეტები მიწაზე დაეცა და არა სამედიცინო დაწესებულების შენობებს“, – წერს ტერეხოვი. მისი თქმით, დაბომბვის დროს სამედიცინო კომპლექსში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა: 900 პაციენტი და 250-მდე საავადმყოფოს თანამშრომელი.
„აფეთქების ტალღამ სამედიცინო კომპლექსში ფანჯრები ჩაამტვრია, დაზიანდა სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, წყლის მილები და სხვა კომუნალური საშუალებები“, – დასძინა ტერეხოვმა.
უკრაინის არმიის ინფორმაციით, 27 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 34 რაკეტა ესროლა – მათგან 21-ის ჩამოაგდება მოხერხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.