ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, ამ მძიმე დამნაშავეზე – ეს არის ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი – ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით ევროკავშირში შევიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც კობახიძის შეფასებით, სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის „დემოგრაფიულ პრობლემებს“.
„როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს. თქვენ იცით, რომ 7-წლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში, 3-ჯერ. გასამმაგებული რაოდენობა და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა 20%-ს აღწევს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არცერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება. ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ, ჩვენი ტრადიციებით და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის მოწოდებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. კობახიძე ამბობს, რომ „როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ სინამდვილეში რა ამოძრავებს ამ ადამიანებს“.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ნუ ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს, მაშინ როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ეს ცალკე თემაა, განსაკუთრებით, როცა ხელისუფლებაში იყო. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მათ შორის მოქმედებს სასჯელები მის მიმართ, რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ბუნებრივია, ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, თუ სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა კობახიძემ.