საქართველო ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა, „ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება კრემლთან მოკავშირეობითაა დაკავებული.
„გასულ წელს მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია საკუთარი პარტიული ინტერესებით და კრემლთან მოკავშირეობით, თანმიმდევრულად და განზრახ უგულებელყოფს ქართველი ხალხის ინტერესებს და პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეარყიოს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი.
ამჟამად ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოიცავს წინადადებებს, რომლებიც საგანგაშოდ ჰგავს რუსეთის „საგარეო აგენტების“ კანონს, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ახდენს. გარდა ამისა, ბოლოდროინდელი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელსაც მე ვუწოდებ „რუსეთის კანონ 2“-ს, ანიჭებს უპირატესობას მდიდარ რუს ოლიგარქებს, ზრდის რუსეთის კაპიტალის გავლენას ჩვენს ქვეყანაში, რითაც საქართველო რუსეთის ნაცრისფერ ზონად იქცევა ფულის გათეთრებისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივების დამალვის მიზნით.
როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხოდ, აუცილებელია, რომ ევროკავშირში ჩვენმა წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე პოზიცია დაიკავონ. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალური ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. საჭიროა გაძლიერებული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობებისა და ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტია. ჩვენ მოვუწოდებთ ფართო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ ამ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ჩვენი ევროკავშირის პარტნიორების აქტიური ჩართულობა ამ კრიტიკულ მომენტში აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული გზის დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კანონის მიღება ფაქტობრივად გააუქმებს იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ სურთ დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, რაც თავის მხრივ უდავოდ გამოიწვევს შედეგების ლეგიტიმურობის სერიოზულ პრობლემებს.
საქართველო ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა. „ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქ და ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის მასშტაბით, დაგვიდგეს გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში.
ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, ყველა ფენისა და პოლიტიკური გემოვნების ქართველები ქუჩებში არიან გამოსულნი და მსვლელობას მართავენ თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში მონაწილეობენ ახალგაზრდები და მოხუცები, შრომისმოყვარე მშობლები და მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. ქართველი ხალხი ერთიანია. ქართული პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან. ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია. ქართული კრიტიკული მედია ერთიანია. ჩვენ უკეთესი საქართველოს იმედი გვაქვს და ბედნიერებას მონდომებით ვეძებთ. როგორც ერთხელ თქვა ჟან მონემ, “ჩვენ არც ოპტიმისტები ვართ და არც პესიმისტები”, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაბრუნოთ საქართველო სწორ გზაზე და დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს, ევროკავშირს, რათა ავაშენოთ თანამედროვე დემოკრატია და უკეთესი მომავალი ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
მთავარი, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის ის, რომ ახალი თაობები ჩვენს გვერდით არიან. უფრო ზუსტად კი ჩვენ ვართ ახალი თაობების გვერდით. მათ ჩვენი ქვეყანა წინ მიჰყავთ, ეს მათი სამშობლოა და ეს მათ იციან, მათ ევროპული სამშობლო სჭირდებათ. მათ ევროპა და დემოკრატია სჭირდებათ. ჩვენ ქართველები, არც ისე ახალგაზრდები, ამ მიზნით, მათთან ერთად გაერთიანებულები ვართ. ჩვენ მათ წინ ვუბიძგებთ, უკეთესი მომავლისკენ, ევროპული საქართველოსკენ. ჩვენ რუსეთი არ გვსურს, ეს ჩვენი მომავალი არ არის, ეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის არ არის. ისინი ძალიან შრომისმოყვარე ახალგაზრდები არიან, ისინი ძალიან პროდასავლურები არიან. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გავიმარჯვებთ, ჩვენ ანუ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და საქართველოში სიტუაციას შევცვლით და ევროკავშირის წევრები გავხდებით. ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. ჩვენი ახალგაზრდები ამას ითხოვენ და მათთვის იმედების გაცრუების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.