ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას – წარმომადგენელთა პალატას, ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს “გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს.”
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში – სენატში, რის შემდეგაც, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა.
“დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება მნიშვნელობა მსოფლიოში და არასდროს განიცდის მარცხს, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დახმარებას გაწევს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი აშშ-ის დახმარების შესახებ, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება აღვკვეთოთ ომის გაფართოება, გადაარჩენს ათასობით და ათასობით სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო ძლიერს გახდის”,- წერს ზელენსკი.