საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც მარტივდება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ყველა ოფშორულ კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანს.
შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.
ცვლილებების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს კეთდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის.
„მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს,“ — მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამ ინიციატივას ინვესტიციების მოზიდვის სურვილით ხსნიან.
ცვლილებებს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.
კოდექსში ასევე შევიდა სხვა ცვლილებები, რომელიც მოქალაქეებისთვის საგადასახადო დავალაინებების ჩამოწერას ითვალისწინებს.
კერძოდ, ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალური მეწარმეების ჩათვლით, ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
მთავრობის ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება 145 000 ფიზიკურ პირს, რომლებსაც, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.
ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:
· „ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის