პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 დეპუტატმა მისცა – რეგისტრაცია 105-მა დეპუტატმა გაიარა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი ის არის, რომ “მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა – ამიტომ, იქიდან [ოფშორული ზონა] წასვლას აპირებენ და ბევრი გადის, უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს”.
“ბოლო დროს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ოფშორს ვეძახით, საკმაოდ გაურთულდა მუშაობა კომპანიებს. მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა – ამიტომ, იქიდან წასვლას აპირებენ და ბევრი გადის, უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს. ზოგადად, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად კანონიერია და ოფშორული ქვეყნების უმრავლესობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების იურისდიქციის ქვეშ არის, მაგრამ რადგან ასეთი ტენდენცია წავიდა, ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს კაპიტალი არ დაიკარგოს და მათთან წავიდეს და იღებენ ისეთ კანონებს, რომელზედაც მე ახლა ვსაუბრობ.
თუ ოფშორში არის დაფუძნებული კომპანია, რომლის დამფუძნებელიც არის ან ერთი ან მრავალი პირი და ის ფლობს საქართველოში რაღაც წარმოებას ან ფირმას, აღარ უნდა ეს ოფშორი და უნდა საქართველოში იყოს ხელმძღვანელი – ამ შემთხვევაში, მას მოუწევდა გადასახადების გადახდა, ახლა ერთჯერადად ვათავისუფლებთ, რათა გადმოიტანოს, გახსნას აქ ფირმა და იყოს საქართველოში, ეს მოგვცემს მეტ გადასახადს, მეტ გამჭვირვალობას და მეტ ბიზნესს.
თუ ამ კომპანიებს გააჩნიათ კიდევ სხვა საშუალებები, მაგალითად მანქანები, თვითმფრინავები თუ სხვა ძირითადი საშუალებები, ისიც ერთჯერადად შემოტანის დროს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლდება”. – თქვა კვიჟინაძემ.
საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებას ეხმაურება პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე და სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტით “ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები”.