ლევან ხაბეიშვილი – დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის, შვილების ევროპულ მომავალს

დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ყველა პოლიტიკოსი პოზიტიურ როლს შეასრულებს, მხოლოდ და მხოლოდ, იმაში, რომ ევროპულ გზაზე ივანიშვილი არ გაგვეჩხიროს კარებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიმდინარე მოვლენების ფარგლებში ოპოზიციას აქვს თუ არა მოლაპარაკებები.
მისი თქმით, ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით ვინმესთან შეთანხმება არ არის საჭირო.
“ქართველი ხალხია შეთანხმებული, რომ ევროპული პერსპექტივა, ევროპული მომავალი სურთ და მთავარი მოკავშირე, ცხადია, ამ პერიოდში უნდა იყოს ქართველო ხალხი. ეს არ არის პარტიული საქმე, ეს არის პოლიტიკური პარტიების საქმე მხოლოდ, ეს არის დიდი ეროვნული საქმე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ყველა პოლიტიკოსი პოზიტიურ როლს შეასრულებს, მხოლოდ და მხოლოდ, იმაში, რომ ევროპულ გზაზე ივანიშვილი არ გაგვეჩხიროს კარებში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და მუდმივად ვართ ერთმანეთთან საუბარში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მან ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.
“ყველას საქმეს, დამოკიდებულებას, ევროპულ პოზიციას და ქმედებას აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანის პროტესტს აქვს მნიშვნელობა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის. ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირზე და ამას აკეთებს “რუსული კანონის” ხელით. ყველას უნდა ესმოდეს და დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის, შვილების ევროპულ მომავალს. შესაბამისად, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა კონკრეტული ადამიანი, ვინც წვლილს შეიტანს ამ კანონის წინააღმდეგ დასაშვები კანონიერი ფორმით, არის მნიშვნელოვანი” , – განაცხადა ხაბეიშვილმა.