გათავისუფლებიდან 5 დღეში სემ ელტმენს OpenAI-ში აბრუნებენ

თანამდებობიდან სულ რამდენიმე დღის წინ დათხოვნილი სემ ელტმენი კვლავ უხელმძღვანელებს ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ის.
კომპანიის დირექტორთა საბჭომ, რომელმაც ელტმენი დაითხოვა, თანამშრომელთა პროტესტისა და მათ მიერ სამსახურის დატოვების მუქარის შემდეგ, ელტმენის დაბრუნება დაანანონსა. გარდა ამისა, დირექტორთა საბჭოს, ამავე შეთანხმების ფარგლებში, დაემატებიან ახალი წევრები.
თავად ელტმენი ამბობს, რომ მზადაა და მოხარულია კომპანიაში დაბრუნებით, აღნიშნავს „ბი-ბი-სი“.
ელტმენი, რომელიც კომპანიას დაფუძნების დღიდან ედგა სათავეში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ პარასკევს, 17 ნოემბერს დაითხოვა. კონკრეტული მიზეზები საბჭოს განცხადებაში მითითებული არ იყო.
ელტმენის დათხოვნას თანამშრომელთა დიდი ნაწილის [770-დან 743-ის] პროტესტი მოჰყვა – ერთობლივ განცხადებაში ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ საბჭოს კომპეტენციას, ადანაშაულებდნენ მას კომპანიის მუშაობისთვის ძირის გამოთხრაში, ითხოვდნენ ელტმენის დაბრუნებას და იმუქრებოდნენ, რომ შეიძლება დაეტოვებინათ სამსახური, თუ მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ.